რუსლან ალდამოვის სკანდალურ განცხადებაზე განმარტებები დღეს პოლიტიკოსებმა გააკეთეს. ალდამოვის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, სპეცრაზმმა პანკისის სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი შეცდომით, მის ნაცვლად მოკლეს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ალდამოვის განცხადება მხოლოდ მის ეჭვებს გამოხატავს და არგუმენტირებული არ არის.
„ეს ეჭვები რაზე ეფუძნებოდა, ეს ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის, რაღაც ბუნდოვანი იყო ძალიან, თუ უფრო კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ და უფრო ნათელს მოფენენ ამ საქმეს, რა თქმა უნდა, ჩვენც უფრო გაგვიადვილდება დასკვნის გამოტანა, მაგრამ იქიდან, რაც მოვისმინეთ, ჩემთვის პირადად არ იყო ძალიან დამაჯერებელი,“ - აცხადებს სოფო კილაძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი, ნათია მეზვრიშვილი რუსლან ალდამოვის განცხადების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.