ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული რუსლან ალდამოვის სკანდალურ განცხადებას იმის შესახებ, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილი შეცდომით მოკლეს, მაჩალიკაშვილის მშობლები ეხმაურებიან.
მოკლული ახალგაზრდის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მან თავიდანვე იცოდა, რომ სამართალდამცველებს შეცდომა მოუვიდათ.
„რა იმედი უნდა მქონდეს ამ მთავრობის თუ ამათ ეშლებათ. ამ დონეზე თუ ეშლება სახელმწიფოს, სხვა ვიღაც უნდა მოეკლან და მოდიან 19 წლის უდანაშაულო ბავშვს მიკლავენ. ალდამოვის განცხადება მოვისმინე, ალბათ აქვს მაგას რაღაც საბაბი, ასეთი რამ რომ განაცხადოს. პირველი დღიდან ვამბობდი, მაგათაც ვეუბნებოდი თქვენ არასწორად მოხვედით. მისამართი ან შეგეშალათ ან რაღაც სხვაშია საქმე. მერე რომ გავიგე, რომ შუბლში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი, მაშინ ვთქვი - ან ამ ხალხს ვიღაცაში შეეშალათ ან შეეშინდათ," - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდის მამა ვახტანგ გომელაურის და სპეცრაზმელების დასჯას ითხოვს.
"დაისაჯოს საქვეყნოდ გომელაური, მთლიანი მაგისი ჯგუფი და ეს სპეცრაზმი, ვინც ამ ბინძური ფეხებით შემოვიდა ჩემს სახლში. ივანიშვილმა და ივანიშვილის მთავრობამ ამ ქვეყნად დარჩენილი ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქციეს, ამ ჯოჯოხეთის გზას მე გავივლი. კანონის ფარგლებში ამ ყველაფერს ყველას ვაზღვევინებ,“ - აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.
სამართალდამცველების მიერ დაშვებულ შეცდომაზე საუბრობს პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც.
„რაღაც ეჭვები მებადებოდა, ამ რუსლანიში ხომ არ შეეშალათმეთქი და მართლაც ასე მოხდა. მე ვითხოვ გომელაურიდან დაწყებული, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია და ვინც ჩაიდინა ეს სისასტიკე, მძინარე ბავშვი, უმწეო, უდანაშაულო, აზრზე რომ ვერ მოვიდა, მძინარეს მიკლავს, რა უნდა მოვითხოვო ხელისუფლებისგან, სასტიკად, კანონიერად ამათი დასჯა. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ამას დავამტკიცებ,“ - აცხადებს მედიკო მარგოშვილი.