20 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ლიდერთა საბჭო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

ლიდერთა საბჭო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. 14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი გომელაურის უწყებას სასამართლო და პოლიტიკურ საკითხებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს.

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის თქმით, უწყება პოლიტიკურ საქმიანობაში ერევა.

„სამსახური, რომელიც ატარებს არჩევნებს, არჩევს დეპუტატთა კანდიდატურებს, იძახებს მათ დაკითხვაზე და ბოლოს ხოცავს ხალხს, მძინარე ახალგაზრდებს, რაც მოხდა მაჩალიკაშვილის მაგალითზე პანკისში. ხელმძღვანელობა აქამდე გადამდგარი უნდა ყოფილიყო, რომ გააჩნდეთ სულ პატარა ნამუსი,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საბჭო დღეს ამერიკელი კანონმდებლებისადმი გასაგზავნ მიმართვაზეც იმსჯელებს.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარეს, პაატა დავითაიას მიაჩნია, რომ ვახტანგ გომელაურის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.

„საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი არაფორმალურ მმართველთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიული სტრუქტურების განადგურებას ისახავს მიზნად. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები