20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ტაქსების ლიცენზირებისა და რეგულაციების საკითხზე მსჯელობას საკრებულოში მწვავე დისკუსია მოჰყვა

მწვავე დისკუსია მოჰყვა ტაქსების ლიცენზირებისა და რეგულაციების საკითხზე მსჯელობას დედაქალაქის საკრებულოში. ოპოზიციამ მმართველი გუნდისგან ახსნა განმარტება მოითხოვა.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ თბილისის მერიის ინიციატივა გაუაზრებელია და ის უარყოფითად აისახება მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაზე.

„ბიუჯეტში ჩაწერილი გქონდათ, რომ ტაქსების კვლევა უნდა მომხდარიყო, შემდეგ დამტკიცებულ პროექტში ეს ტაქსების კვლევა ამოიღეთ და ფაქტია, რომ ყოველგვარი კვლევის, დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ტაქსის მძღოლებთან კონსულტაციების გარეშე და იმ კომპანიებთან კონსულტაციის გარეშე თქვენ წარმოადგინეთ ინიციატივა მხოლოდ ზეპირი ფრაზების დონეზე და არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, არცერთი ფურცელი საკრებულოში შემოსული არ არის,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ენმ"-ის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის მერიას და საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაზე დაფიქრება ურჩია „ევროპულმა საქართველომაც“.

„არის უმუშევრობა, არის გაჭირვება, გაძვირებულია საწვავი და ეს ადამიანები იძულებულები არიან იტაქსაონ და ამით არჩინონ ოჯახები, ვინაიდან, სხვა შემოსავლის წყარო მათ არ გააჩნიათ. ჩვენ გვესმის, რომ ეს ინიციატივა ეხმაურება ქალაქში მცხოვრები მცირე ადამიანების მოთხოვნას, მაგრამ კარგი იქნება, რომ დაფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ,“ - მიმართა  „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დავთ ჟღენტმა საკრებულოს უმრავლესობას.

ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ ხელისუფლების მთავარი არგუმენტი დედაქალაქში სატრანსპორტო პროგრამების მოწესრიგებაა. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კონკრეტული მიზეზი და პრობლემა დაასახელა და თქვა, რომ ტაქსის მძღოლი, რომლითაც მან იმგზავრა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ისეთი გარემო იყო იმ ტაქსიში, რომ გარედან არ ემჩნეოდა, შემდეგ არ ვიკადრე გამიჩერე მანქანა და გადმოვალმეთქი, ისეთი გარემო იყო მანქანაში, თვითონ ალბათ მძღოლი ნასვამიც იყო. ის, რომ დღეს თქვენ აჟღერებთ ჩვენ ასე ხელაღებით გვინდა გადასახადებით ამ ხალხზე ზემოქმედება, ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ მივდივართ და გვაქვს სპეციალური გეგმა,“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები