დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კახა კალაძესთან ერთად, მერიის სხვა წარმომადგენლები, უცხოელი პარტნიორები და ქართველი ექსპერტები დაესწრნენ.
ყურადღება გამახვილდა იმ შენიშვნებზე, რომელიც გენგეგმის შემდგენელ კომპანიასთან თბილისის მერიას აქვს. უცხოური კომპანიის წარმომადგენლებმა რეკომენდაცია უნდა გასცენ იმ ხარვეზების გამოსწორებისთვის, რომლის მოგვარებაც უმოკლეს ვადებში უნდა მოხერხდეს.
თბილისის მერმა ოპოზიციას მოუწოდა, სამუშაო შეხვედრებში ჩაერთოს.
„მინდა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს შევთავაზო, მათ თუ ექნებათ სურვილი, რომ გახდნენ ამ შეფასებაში თანამონაწილენი, იმუშაონ ჩვენთან ერთად, ჩაერთონ, ჩვენ დიდი სიამოვნებით, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. წინასაარჩევნოდაც ვაცხადებდით, რომ ჩვენ მზად ვიქნებით თანამშრომლობისთვის და რადგან ეს დოკუმენტი ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ მათ ჩართულობის სურვილი აქვთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.