„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გენერალური აუდიტორის მიერ მისი მოადგილეებისთვის გამოწერილ პრემიებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თანხამ, ჯამში, 37 ათას 500 ლარი შეადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურში ბიუჯეტის გადანაწილება სხვა უწყებებისთვის მაგალითი უნდა იყოს.
„ჩვენ ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს უსაფუძვლო პრემიები, ნამდვილად არ არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა იქნას დახარჯული ხალხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და სახელმწიფო ბიუჯეტი. ვფიქრობთ, რომ ეს დანახარჯები არ იყო მიზანშეწონილი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოადგილეების უმეტესობა რამდენიმე თვის წინ იყო დანიშნული,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ეკა გიგაურის თქმით, ზოგიერთმა მოადგილემ თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე თვეს პრემია აიღო.