„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდებიან. კახა გვანცელაძეს თბილისის საკრებულოში დღეს 11:00 საათზე ელოდებიან.
მთავარი კითხვები საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას, უსაფრთხოებას და კვების რაციონს ეხება, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები, რომელიც ეხება საკვებს - როგორ მოახერხეს, რომ ათწლეულების მანძილზე რომ არ ყოფილა ბაღებში საკვების პრობლემა, როგორ შექმნა კალაძემ და მისმა დედაქალაქის მთავრობამ ბაღებში და რა გამოსავალს ხედავენ ამ მიმართულებით. როგორ მოხდა, რომ მშობლებმა და პედაგოგებმა არაფერი იცოდნენ, ისე დახურეს სამი ბაღი და ამ ბავშვების გადანაწილება ხდება იმ ბაღებში, სადაც უკვე ადგილები არ არის,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მზად არის, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. კახა გვანცელაძე ამბობს, რომ ბავშვთა კვებისთვის შედგენილი მენიუ, ისევე როგოც საკვები პროდუქტები, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.