02 მაისი 2024,   23:38
ვრცლად
საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს სამართლიანად ეძახიან - ლიტვის პრემიერმინისტრი 

„ფასდაუდებელია ლიტვის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში“-ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. საქართველოს და ლიტვის პრემიერმინისტრებმა, პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ლიტვის მიერ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მისივე განცხადებით, საუბარი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესსაც შეეხო.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჟენევის ფორმატი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება დასტაბილურდეს. 

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მეირ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონების ფაქტიური ანექსიისკენ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება, ლიტვის პრემიერმინისტრმა. საულიუს სკვერნელისის თქმით, საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს დამსახურებულად უწოდებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და ლიტვას უსაფრთხოების საკითხებზე გვაქვს ერთიანი პოზიცია, მტკიცედ გვაკავშირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის მხარდაჭერა. საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს ეძახიან და სამართლიანადაც. ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები თქვენთვის ნამდვილად მისალოცია. მივესალმებით იმას, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხების დაცვაში,“ - აცხადებს საულიუს სკვერნელისი.

დღის ამბები