„დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რომელიც პროკურატურაში უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს,“ - ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, ნათია მეზვრიშვილმა ბექა რუსიას ტელეფონში არსებული ვიდეო და ფოტო მასალის შეფასებისას გააკეთა.
გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას პირად მობილურ ტელეფონში არსებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უსწორდება ერთ-ერთი მეთაური ჯარისკაცს. ასევე, ფოტოებში ჩანან ჯარისკაცები, რომლებსაც მეთაურის ტაბელური იარაღი უჭირავთ.
ბექა რუსიას ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტთან შეხვედრას ითხოვს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და შსს-ში დამატებით განმარტებებს გამოძიების დასრულებამდე არ გააკეთებენ.
„2017 წლის ოქტომბერში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება და ამ საქმისგან დამოუკიდებლად, პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიება რას დაადგენს და დამატებით, ერთადერთი რის თქმაც შემიძლია, უკვე, 2018 წლის იანვრიდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა სრულიად ახალი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.