ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული პირებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ცოტა ხანში იმსჯელებს. გიორგი სილაგაძე და თემურ მენაბდიშვილი მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" გუშინ დააკავეს.
მათი ინტერესების დამცველები პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანის ადვოკატმა უკვე მიმართა მეტროს ადმინისტრაციას და ვიდეო ჩანაწერები გამოითხოვა.
ის ასევე, მიმართავს სატრანსპორტო დეპარტამენტის გენ ინსპექციას, რომ შესაბამისი მასალა დაარქივდეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა.
„2018 წლის 28 იანვარს, მეტრო სადგურ თავისუფლების მოედანთან შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას, კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა გაიქცა მეტრო პოლიტენის მიმართულებით. პატრულ-ინსპექტორებმა შეაჩერეს ისინი იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროს, როდესაც პოლიცია ასრულებდა კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ახდენდა ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან ორი პირი, 1992 და 1982 წელს დაბადებული პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ, კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედებები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადაიფურთხეს და მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
"დაკავების პროცესში, აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება. სწორედ დაკავების ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სასამართლოში, მთლიანი ინციდენტის ამსახველ მასალას წარადგენენ.