ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა. დაცვის მხარემ სხდომაზე დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ, თიანეთში რესტორანში გაწეული ხარჯი წარადგინა და საქმეზე მტკიცებულებად დართვა მოითხოვა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, ქუცნაშვილმა თიანეთში 10 აგვისტოს სამ სხვა დეპუტატთან ერთად იქეიფა და ხარჯი გაწეული იქნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
“მსგავსი დოკუმენტი წარმოვადგინეთ დღეს, სადაც ჩანდა, რომ ზაქარია ქუცნაშვილს, როგორც პარლამენტარის და მისი სტუმრების წარმომადგენლობითი ხარჯი დაიფარა დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ეს ნიშნავს ერთ რამეს, შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლობითი ხარჯი გასწიოს და ამას სისხლის სამართლის შეფასება არ უნდა მიეცეს,“ - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ წარდგენილი ბრალის განხილვა მიმდინარეობს. მათ ბრალად სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედებათ.