30 დეკემბერი 2024,   18:36
ვრცლად
„თავისუფლების მოედანზე“ მომხდარი ინციდენტი - სასამართლო დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ გუშინ საღამოს მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული გიორგი სილაგაძისა და მისი მეგობრის, თეიმურაზ მენაბდიშვილის პროცესი რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

სხდომაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა წარმოადგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

დაკავებულთა ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს კანონი არ დაურღვევიათ და უფლებამოსილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადააჭარბეს.

„სილაგაძე ესაუბრებოდა თავის მეგობარს, რომელთან ერთადაც მუშაობს.  ექსკავატორის მეორე მხარეს, პოლიცია, რომელსაც არ ვიცი დაკავებულები ყავდათ თუ რა ღონისძიებას ეწეოდა, ხმაური შემოესმა ამ პირებს, რომლებიც საუბრობდნენ. წამიერად მან თავი მიაბრუნა და გადახედა რა ხდებოდა ექსკავატორის მეორე მხარეს. საკმარისი იყო ეს გადახედვა, რომ მეორე მხრიდან გადმოხტა ეს ორი პოლიციელი,“ - განაცხადა გიორგი სილაგაძის ადვოკატმა მანანა აფხაძემ.

განცხადება გააკეთა თეიმურაზ მენაბდიშვილის ადვოკატმა ნაიმი იასაღაშვილმა და აღნიშნა, რომ მას ამ დრომდე არ აძლევენ ჩანაწერებს, რომელზეც მომხდარი ინციდენტია ასახული.

„ვერ გაერკვია რის გამო დააკავეს თავის გვერდზე მყოფი გიორგი და პოლიციის თანამშრომელს ჰკითხა, თუ რის გულისთვის აკავებდნენ და სად გადაყავდათ. რის შემდეგაც მოხდა თეიმურაზ მენაბდიშვილის დაკავება. მე გამოვითხოვე სატრანსპორტო კომპანიიდან ვიდეო ჩანაწერები სრულად, როგორც ექსკავატორზე, ასევე ზედა ვესტიბიულში და ქვედა ვესტიბიულში, რაზეც მივიღე პასუხი, რომ ზედა ვესტიბიულიდან გამორიცხული იყო ვიდე ჩანაწერების მიღება, ქვედა ვესტიბიულში კიდევ შესაძლებელი იყო, ხოლო ექსკავატორებზე ფაქტიურად შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ჩანაწერებს, არ მაძლევენ ამ ეტაპზე, რადგანაც მოითხოვენ სასამართლო განჩინებას,“ - განაცხადა თეიმურაზ მენაბდიშვილის ადვოკატმა ნაიმი იასაღაშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

 

დღის ამბები