რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წვრთნები ოკუპირებულ ცხინვალში. ერთკვირიან სწავლებაში რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად, წვრთნებს ჩრდილეოთ კავკასიაში დისლოცირებული 58-ე არმიის სამხედროებიც გაივლიან.
სამხედრო სწავლებაში 4 ათასზე მეტი ერთეული ტექნიკა და შეიარაღება მონაწილეობს. სპეციალური კომისია ჯარისკაცების შენიღბვას, საბრძოლო მოქმედებებისთვის ტექნიკის მომზადებას და საბრძოლო დავალებების შესრულებას შეაფასებენ.
საქართველოში ამ წვთნებს უკვე აფასებენ, როგორც ძალის დემონსტრირებას რეგიონში და საერთაშორისო პარტნიორებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„ფაქტი ერთია, რომ ეს არის პირველი წვრთნები, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ძალების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამაზე ჭირდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი რეაქცია,“ - აცხადებს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ნებისმიერი მსგავსი წვრთნები და ჯარისკაცების ყოფნა ამ რეგიონში ნეგატიური მოვლენაა.
"ჩვენ ველოდებით ევროკავშირს, ჩვენს პარტნიორებს, რომ მიაქციოს ყურადღება ამ სიტუაციას," - განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.