აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში, პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩართულობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
დეპუტატები კიდევ ერთხელ საუბრობენ, რომ აუცილებელია, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ძალოვანმა უწყებებმა საზოგადოებას მიაწოდონ, შესაძლებელია ამისთვის საპარლამენტო ფორმატიც იყოს გამოყენებული.
„სახეზეა კანონის უხეში დარღვევა, რომელიც ჩაიდინა არა მხოლოდ სამართალდამცავებმა, არამედ ჩაიდინა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. ეს საქმე არ დაიხურება არასდროს, ჩვენ ვითხოვთ დროებით საგამოძიებო კომისიას,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე სამოქალაქო სექტორის მეირ კონტროლს და პროცესში ჩართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს „ევროპული საქართველო“. პარტიაში ამბობენ, რომ პასუხისმგებლობის მქონე პირები კანონმდებელთა მოთხოვნებს - წარადგინონ ანგარიში, მუდმივად უგულებელყოფენ.
„ჩვენ რამდენჯერმე მოვითხოვეთ კომისია შექმნილიყო, მოსულიყვნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები პარლამენტში, ანგარიში ჩაებარებინათ ჩვენთვის, მაგრამ ამაზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი,“ - ამბობს სერგი კაპანაძე.