მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, სადაც დღეს დილით ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, სულ რაღაც 4 თვის წინ დასრულდა. ის 2017 წლის 22 სექტემბერს საზეიმოდ მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა.
სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურში 2016 წლის ბოლოს დაიწყო და მას შპს „ყვარელრემშენი“ ატარებდა. სამუშაოები დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე დაჯდა. ოთხი თვის წინ, მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო.
სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.