18 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
„ქართული ოცნება“ კლავს" - ოპოზიცია ვარკეთილის მეტროში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს 

ოპოზიცია ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობას აკისრებს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების პირობებში, არ გამოიკვეთება მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა.

მისი თქმით, პროცესში ჩართული იყო თბილისის მერია, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა და ასევე ის ადამიანები, რომლებმაც შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა და შეასრულა. ნადირაძე ამბობს, რომ მათ უნდა აგონ მომხდარის გამო პასუხი.

"ენმ"-ის წევრები ამბობენ, რომ პირველ რიგში უნდა დადგეს თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხი.

"2016 წლის 30 ნოემბერს გააფორმეს ეს ხელშეკრულება შპს „ყვარელმშენთან“. 347 ათას 848 ლარზე. 300 ათასზე მეტი დაჯდა ეს კონტრაქტი. 25 სექტემბერს გასული წლის, წინასაარჩევნოდ, დიდი ზარზეიმით გახსნა დავით ნარმანიამ და "ქართულმა ოცნებამ", თუმცა ფაქტია, რომ 10 წლიანი გარანტია უნდა ჰქონოდა და 3 თვეც ვერ გაძლო ამათ პირობებში. ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" არის სიცოცხლისთვის საშიში და მავნებელი. „ქართული ოცნება“ კლავს,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ვარკეთილში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ წევრი. დავით ჟღენტის განცხადებით, პარტია გეგმავს თბილისის საკრებულოსი მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი დაიბაროს, რათა მიიღოს დეტალური ინფორმაცია, განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

„აქ არის ალბათობა იმისა და არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ აქ იყო კორუფციული გარიგებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად ჩატარდეს გამოძიება,“ - აცხადებს დავით ჟღენტი.

დღის ამბები