ბაღების თემაზე “ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს. ოპოზიციის აზრით, გამოძიების საფუძველი ბაღების სააგენტოს უფროსის მიერ გაკეთებული განცხადებები უნდა გახდეს, სადაც კახა გვანცელაძე ამტკიცებდა, რომ მაღალი კალორაჟის მენიუ, რომლითაც ნარმანიას დროს ბავშვების კვება ხდებოდა, მძიმე დაავადებებს იწვევს და რომ მენიუ სწორედ ამიტომ შეიცვალა.
„ენმ“ ამ საკითხზე კონკრეტული პირების დაკითხვას მოითხოვს, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, ასევე ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, მოქმედი ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე და განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი.
კახა გვანცელაძის გუშინდელ განცხადებას საკრებულოს ოპოზიციაში საგანგაშოდ აფასებენ.
"ის კვება, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ ბაგა ბაღებში, სადაც 60 ათასზე მეტი ბავშვი იკვებება, შეიცავდა ავადმყოფობის, დიაბეტის, სიმსუქნის და ა.შ. რისკებს," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.