18 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ნატოს წევრი საქართველო აშშ-ის და ევროპის ინტერესებშია - "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" სპეციალური ანგარიში

ნატოს წევრი საქართველო შეერთებული შტატებისა და ევროპის ინტერესებშია. სპეციალურ ანგარიშს ამ სათაურით ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი "ჰერითიჯ ფაუნდეიშენი" აქვეყნებს. კვლევის ავტორი ლუკ კოფი განმარტავს, რომ 2008 წლის ომისა და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, მოსკოვმა თბილისს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან გადახვევა ვერ აიძულა.

ავტორი წერს, რომ საქართველომ, ერაყსა და ავღანეთში ნატოს მისიებში მონაწილეობით, ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის როლი დაიმკვიდრა და დაამტკიცა, რომ ვაშინგტონის საიმედო პარტნიორია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ალიანსის წევრების ნაწილი შიშობს, რომ საქართველოს ნატოში შეყვანის შემთხვევაში, რუსეთთან ომი გარდაუვალი გახდება. ავტორი პირდაპირ წერს, რომ ალიანსს შეუძლია დააჩქაროს საქართველოს გაწევრიანება იმ პირობით რომ, ოკუპირებულ რეგიონებზე ნატოს წესდების მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, მით უმეტეს რომ მსგავსი პრეცედენტი 1951 წელს ალიანსმა საბერძნეთისა და თურქეთის შემთხვევაში უკვე დაუშვა.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი ზომა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება,“ - ნათქვამია "ჰერითიჯ ფაუნდფეიშენის" ანგარიშში.

დღის ამბები