პრაღაში დღეს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა იმართება. საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებული შეთანხმება იქნება.
რუსეთის მხარე კონტრაქტების ხელმოწერის თარიღის ოფიციალრუად დასახელებას დიდი ხანია აჭიანურებს. აბაშიძის თქმით, თბილისმა მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისი ეტაპი ერთი წლის წინ დაასრულა.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში, კარასინის ბრალდებას, თითქოს ქართული მხარე არ არის მზად შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, უსაფუძვლოს უწოდებს.
„შევეხებით ჩვენ 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგის შესახებ, შევეცდებით გავარკვიოთ მათი პოზიცია. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ დეკემბერში გააფორმა კონტრაქტი, შვეიცარიულ კომპანიასთან, დავაზუსტებთ რუსეთის პოზიციას. იქ არის კითხვები და შევეცდებით მოვისმინოთ, რა აქვთ მხედველობაში. ჩვენი მხრიდან ყოველთვის კეთდება აქცენტი იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.