უკრაინის გენერალური პროკურორის ბრალდებებს პასუხობს მიხეილ სააკაშვილი და ლუცენკოს ტყუილში ადანაშაულებს. უკრაინულ ტელეკომპანია "ზიკ"-თან ინტერვიუში, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა ჩანაწერი, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, დამოუკიდებელ ექსპერტიზას გადასცეს.
მისი თქმით, ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა უკვე აჩვენა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებულია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ ის ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
"მე მზად ვარ ნებისმიერ დროს ბრალდების მიერ წარმოდგენილ ჩანაწერთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარო. მანამდე, ერთ-ერთმა უკრაინულმა ტელეკომპანიამ მოახდინა ჩანაწერის ანალიზი და დაასკვნა, რომ ის 24 ნაწილისგან იყო დამონტაჟებული. ამ დროისთვის უკრაინაში ჩემთან დაკავშირებულ საქმეებზე რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ქვეყნის შიგნით ყველა იურიდიული მექანიზმი ამოიწურება, მე რა თქმა უნდა, მივმართავ ევროპულ სასამართლოს და ამ ხელისუფლებას ყველა საქმეს მოვუგებ.
"პირველ თებერვალს გაიმართება სასამართლო პროცესი, რომლის შემდეგაც შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლებას ჩემი დეპორტირების საშუალება მიეცეს. შეთანხმება ჩემი საქართველოში ექსტრადიციის შესახებ უკვე აქვთ პოროშენკოსა და ივანიშვილს. ოლიგარქებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ანადგურებენ, საკუთარ მტრად მიაჩნიათ ისეთი ადამიანები, რომელიც ქურდებს ებრძვიან," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.