დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარიხის კონტროლს - ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ გააკეთა. კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გუშინ, ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა.
მისი თქმით, არა ერთია უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, რომლის გამოსწორებაც მერიას დღეს უწევს. თბილისის მერმა დაავალა მოადგილეებს, ორ კვირიან ვადაში წარადგინონ გეგმა, როგორ განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტური კონტროლი.
„ფაქტია, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარიხის კონტროლს და ამის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ მომხდარი შემთხვევა, ისე ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტული კომპლექსი, ბაღები და ა.შ. ცხადია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული ცვლილებები გვჭირდება. მე ვიცი, რომ მოადგილეებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა და მინდა გთხოვოთ, რომ და დავაჩქაროთ და 10 დღეში, ორ კვირაში, უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურების შესრულების ხარისხი ეფექტური იქნება და კონტროლიც ამავდროულად იქნება ეფექტური,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ერთი განცხადება დედაქალაქის მერმა სამთავრობო ავტომობილების პარკირების საშვებთან დაკავშირებით გააკეთა. კახა კალაძემ მოუწოდა მაღალი თანამდებობის პირებს, სამსახურეობრივ საშვებს ნუ გადასცემენ ოჯახის წევრებს, რადგან ისინი ამით ბოროტად სარგებლობენ.
დედაქალაქის მერის თქმით, ხშირ შემთხვევაში დედაქალაქში ისინი პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნიან.