20 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"მზად ვარ გამოძიების ნებისმიერი შედეგები გავიზიარო" - ირაკლი ლექვინაძე მეტროს ინციდენტზე

ვარკეთილში მეტროში ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ შპს „ყვარელრემმშენმა“ ტენდერში ყველა პროცედურის დაცვით გაიმარჯვა.

ლექვინაძის თქმით, მომხდარის შემდეგ გამოძიების შედეგებს ელოდება, რათა დადგინდეს, სად იყო შეცდომა დაშვებული.

„ტენდერის გამოცხადების შემდეგ ყველა პროცედურის დაცვით გაიმარჯვა იმ კომპანიამ, ვინც განახორციელა ეს სამუშაოები. თუ სად იყო შეცდომა დაშვებული, ამის შესახებ დაველოდოთ კომპეტენტურ უწყებას, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობის ნაწილში ის მზად არის გაიზიაროს გამოძიების ნებისმიერი შედეგი და გასცეს კითხვებს შესაბამისი პასუხი.

„თუ გამოძიების შედეგები დასვამს ამ საკითხს, ბუნებრივია მე მზად ვარ, რომ ნებისმიერი შედეგები გავიზიარო და გავცე შესაბამისი პასუხი,“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ვარკეთილის მეტროში ჭერი გუშინ ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას ამ დრომდე გადის. 

დღის ამბები