18 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
"წაიქცა ბავშვი და იარა ზედ ხალხმა" - მეტროში ინციდენტისას დაშავებულთაგან 13 კლინიკაში რჩება

მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ 26 წლის გოგოს ოპერაცია უტარდება. მას დაზიანება თავისა და მუხლის არეში აქვს მიღებული. ამ დრომდე კლინიკაში რჩება 13 დაშავებული. მათგან 4 საავადმყოფოს დღის ბოლომდე დატოვებს.

დაზარალებულები დეტალურად იხსენებენ მეტროსადგურში მომხდარ ინციდენტს და ამბობენ, რომ შოკიდან გამოსვლა უჭირთ.

„მთლიანად დამეცა ის ჭერი. ვაგონში ვიყავი და ხალხი რომ კიოდა, მეგონა მიწისძვრა მოხდა. კედლებიდან რაღაც მასალები მოდიოდა ზემოდან, მხარში დამეცა,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული თინათინ მოსიაშვილი

კიდევ ერთი დაზარალებულის ბებია ამბობს, რომ მისი 19 წლის შვილიშვილი ჭერის ჩამოშლისას წაიქცა და მას პანიკაში მყოფმა ხალხმა გადაუარა.

„ჩემი შვილიშვილი 19 წლის ლიზი გამგებელია. გუშინ მოხვდა ჩამოშლის დროს მეტროში. წაიქცა ბავშვი და იარა ზედ ხალხმა, როდის გამოიყვანეს. დაუზიანდა თირკმელი, მუცელში აქვს წყალი,“ - განაცხადა მანანა მჭედლიშვილმა. 

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი გუშინ დილით ჩამოინგრა. დაშავდა 14 ადამიანი. აღნიშნულ მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში ჩატარდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სამართალდამცავებმა იმ კომპანიიის წარმომადგენლები დაკითხეს, რომელმაც სარემონტო სამუშაოები განახორციელა. 

დღის ამბები