18 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
აბაშის რაიონში ღორების სიკვდილიანობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელოს სოფლებში, ფაროსანასგან განადგურებული მოსავლის შემდეგ, ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. აბაშის რაიონში ჩლიქოსანი პირუტყვი იხოცება. აბაშის რაიონის სოფლებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ღორების სიკვდილიანობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ღორების დაავადების შესახებ იცის ვეტექიმმაც. ედუარდ შუბლაძე დაავადების გაჩენას სოფლების მცხოვრებლებს აბრალებს. სპეციალისტი ადასტურებს, რომ ეს ღორის კლასიკური ჭირია, თუმცა მისი თვიდან აცილება ცხოველის აცრით შეიძლება, აბაშელები კი უსახსრობის გამო, ვაქცინას ვერ ყიდულობენ.

აბაშის რაიონის სოფლების მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ისინი პირუტყვის დამატებითი აცრის საჭიროებაზე არავის გაუფრთხილებია.

აბაშის რაიონის სოფლებში ღორების დახოცვის ფაქტებს არ ადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. უწყების სამეგრელო ზემო სვანეთის წარმომადგენელი ამბობს, რომ სააგენტომ მხოლოდ ერთი შემთხვევა დააფიქსირა, რომელიც პატრონის მიერ პირუტყვის არასწორმა ვაქცინაციამ გამოიწვია.

რაიონის სოფლების მაცხოვრებლებს სხვა პრობლემებიც აქვთ, მათ შორის უმთავრესი ფაროსანაა. სიცივის გამო მწერი, რომელმაც ათობით ტონა თხილი გაანადგურა, ადგილობრივებს ახლა საძინებლებში ჰყავთ.

ღორების სიკვდილიანობითა და ფაროსანათი შეწუხებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

დღის ამბები