საქართველოს მთავარი პროკურორი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან შესახვედრად მზად არის. პროკურატურის ინფორმაციით, მათი წინადადებაა, რომ შეხვედრა პროკურატურაში შედგეს ხვალ 13:00 საათზე.
„საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპერცოპერაციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-6 პუნქტით, მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეხვედრა შედგეს მთავარ პროკურატურაში მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ჯგუფთან ხვალ პირველ საათზე,“ - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძეს პანკისში ჩასვლას და იქ შეხვედრას სთავაზობდნენ.
ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, პროკურატურის წინადადებას ოჯახის წევრებთან ერთად განიხილავენ და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
„პირდაპირ მაინტერესებს, როგორ ხსნის, მცდელობა რაში გამოიხატებოდა, რომ მან სცადა ხელყუმბარის სისრულეში მოყვანა ანუ გახსნა და აფეთქება, როგორ?“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.