18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
ნარკოდამოკიდებულთა მიმართ შეწყალების წესის ცვლილებას ოპოზიცია ეხმაურება

პრეზიდენტის ინიციატივას პატიმართა შეწყალების წესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ოპოზიცია ეხმაურება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა მისასალმებელია მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმარისი არ არის.

„სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რასაც ცალსახად მივესალმებით. საკმარისი ნაბიჯი ეს რა თქმა უნდა არ არის იმიტომ, რომ დეპენალიზაცია უნდა მოხდეს. ანუ ციხეში არ უნდა ჩაჯდნენ მომხმარებლები. აქვთ თუ არა მათ დამოკიდებულება ამას მნიშველობა არ აქვს, ვინაიდან ის ხალხი, ვინც ნარკოდამოკიდებულია, საჭიროებს მკურნალობას და არა დაპატიმრებას და ის ხალხი, ვინც რეკრიაციული გზით მოიხმარს მარიხუანას, საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს ნარკომანად,“-განაცხადა ნიკა რურუამ.

ნარკოდანაშაული მიმართ პრეზიდენტის მიდგომა მისაღებია „ევროპული საქართველოსთვის.“ გიორგი ტუღუში ამბობს, რომ ეს ინიციატივა თანხვედრაშია იმ მოვლენებთან, რაც ნარკოპოლიტიკას უკავშირდება.

„ეს არის მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ვის შეიწყალებს ამ შემთხვევაში არის პირადად მისი გადასაწყვეტი. ცხადია, რომ მუდმივად ხდება გარკვეული კრიტერიუმების შემუშავება, რითიც ხელმძღვანელობს კომისია, რომელიც ასევე პრეზიდენტის მიერ არის შემქნილი. ახლა რაც შეეხება ნარკოდანაშაულს, ამ მიმართულებით სრულიად მისაღებია ეს მიდგომა. გარდა ამისა იგი თანხვედრაშია გარკვეულწილად იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში და ამის დრო ნამდვილად დადგა,“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

პრეზიდენტის ინიციატივით შეწყალების წესი იცვლება. ცვლილება შეწყალების კომისიამ შეიმუშავა.

ცვლილება ორ მიმართულებას ეხება - ესენია ნარკოტიკული და ეკონომიკური დანაშაული. შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტისა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები