18 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
ეს არის არასაკმარისი - არასამთავრობოები პატიმართა შეწყალების წესში ცვლილებების შეტანაზე პრეზიდენტის ინიციატივას აფასებენ

პრეზიდენტი სწორად ხედავს გამოწვევებს, თუმცა ეს არის არასაკმარისი-ასეთია მესამე სექტორის შეფასება ქვეყნის პირველი პირის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პატიმართა შეწყალების წესში ცვლილებების შეტანას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ კანონმდებლობა არასწორად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობას რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი იხდის სასჯელს.

„ჩვენ ველოდებოდით რომ დებულება შეიცვლებოდა იმგვარად, რომ შეძენა-შენახვისათვის მსჯავრდებული პირები, მიუხედავად სასჯელის სიმძიმისა ეს იქნებოდა მცირე, საშუალო თუ განსაკუთრებით დიდი ოდენობა, შესაძლებლობა ჰქონოდათ მათ რომ მიემართათ შეწყალების კომისიისთვის,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა დავით სუბელიანმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად პრეზიდენტის ინიციატივა ვერ იქნება სრულყოფილი და საკმარისი.

„ცხადია პრეზიდენტის ინიციატივები ვერ იქნება სრულყოფილი და საკმარისი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. ამ შემთხვევაში უბრალოდ ნათელი არის ის, რომ პრეზიდენტი ხედავს კონკრეტულ გამოწვევებს. განსაკუთრებით ნარკოპოლიტიკის კონტექსტში,“-განაცხადა გურამ იმნაძემ.

პრეზიდენტის ინიციატივით შეწყალების წესი იცვლება. ცვლილება შეწყალების კომისიამ შეიმუშავა. ცვლილება ორ მიმართულებას ეხება, ესენია: ნარკოტიკული და ეკონომიკური დანაშაული. შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტისა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები