წითელ ბაღთან მოზარდების დაჭრის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული დაჭრილი მოზარდების ყოფილი თანაკლასელია. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით.
ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს.
ირმა ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო ორგანოში დღეს თავად გამოცხადდა.
წითელ ბაღთან მოზარდების დაჭრის მოტივად, თანხის გამოძალვა სახელდება. ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის ბიძა ამბობს, რომ სავარაუდოდ, დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ორი მე-12 კლასელს უცხო პირებმა ფული მოსთხოვეს.
35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაზიანებები დანით აქვთ მიყენებული. დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.