ქართული სასამართლო "გაზპრომის" წარმომადგენლებს იბარებს. რუსულ ენერგო გიგანტს საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას თხოვენ. სარჩელი სასამართლოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა.
დოკუმენტის ნაწილი, რომელიც კომპანია "გაზპრომმა" წარადგინა სასამართლოში, არის დაბლარული, ეს სწორედ ის ფურცლებია, სადაც არის მითითებული ტარიფი სომხეთში გაზის ტრანსპორტირების სანაცვლოდ. სწორედ ამ თანხის გასაჯაროებას ითხოვს ოპოზიცია.
პროცესი 20 მარტს ჩაინიშნა.
„მთავრობის მიერ "გაზპრომთან" გაფორმებულმა კონტრაქტმა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქვეყანას. აქ საუბარია ათეულობით მილიონობით ლარის დაკარგვაზე ყოველწლიურად და თანაც ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ეს კონტრაქტი იყო კორუფციული და მასში კერძო ინტერესები იყო ასახული. ამიტომ მოვითხოვეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში და არა თუ კომისია არ შეიქმნა, ჯერ საკითხიც კი არ განხილულა აი ამ ნახევარი წლის განმავლობაში.
"პარალელურად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და მივიღეთ ძალიან სასიამოვნო შედეგი და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. შეიძლება გამარჯვებაც კი ვუწოდოთ საწყის ეტაპზე, რომ საქალაქო სასამართლომ დაიბარა "გაზპრომი", რათა მიიღოს ახსნა-განმარტება თუ რატომ, რა პირობებში მოხდა კონტრაქტის გასაიდუმლოება,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციური პარტია პასუხებს მთავრობისგანაც ითხოვს. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმება გაამართლა იმ მოტივით, რომ რუსეთისგან იაფი გაზი უნდა შეგვეძინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამასთან, პარტია მიესალმება იმას, რომ ხელშეკრულების პირობები იქნეს გასაჯაროებული.
„ჯერ ერთი ბერკეტი დავთმეთ. ეს ფაქტი არის, რომ ბერკეტი ტრანზიტის დათმობილი არის რუსეთთან და ამას მაშინ მთავრობა ამართლებდა იმით, რომ იაფი გაზი უნდა მიგვეღო რუსეთიდან. ეს იაფი გაზი წელს არ ვიყიდეთ საერთოდ. ანუ გამოვიდა, რომ არაფერი არ მიგვიღია სანაცვლოდ, დავკარგეთ ფული და დავკარგეთ პოლიტიკური ბერკეტი. ამიტომ, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დგას ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ახლა რაც შეეხება ხელშეკრულებას და მისი გასაჯაროების ფორმებს, როგორც არ უნდა მოხდეს, ეს იქნება კარგი. იქნება ეს სასამართლოს გზით თუ სხვა გზით,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.
შეთანხმება საქართველო-რუსეთს შორის 2016 წელს გაფორმდა. მას გრიფი საიდუმლო ადევს.