51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. 100-ზე მეტი მოწმიდან, დარბაზში დასაკითხად პირველად მოკლული მოზარდების მშობლები გამოძახეს. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა და უცნობია, რა დეტალებზე ისაუბრეს მოსამართლესთან მოკლული მოზარდების მშობლებმა. დღეს სასამართლო პროცესზე ლევან დადუნაშვილის დედა და დავით სარალიძის მამა დაიკითხნენ.
ბრალდების და დაცვის მხარე მედიასთან დახურული დაკითხვის შესახებ არ საუბრობენ.
პროკურორი, ზვიად ფხაკაძე შინაარსობრივ მხარეზე არ საუბრობს. ზვიად ფხაკაძე აღნიშნავს, რომ მშობლებმა საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე ისაუბრეს, თუ საიდან მიიღეს ეს ინფორმაცია.
ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აღნიშნავს, რომ მშობლებს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, რადგან ისინი მომხდარის თვითმხილველები არ ყოფილან. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდების მხარე ე.წ. პირდაპირ მოწმეებს საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე წარმოადგენს.
თვითმხილველების დაკითხვა შემდეგ სხდომებზე მოხდება, თუმცა, კონკრეტულად როდის გამოიკითხებიან ისინი სასამართლოზე, უცნობია.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღეს დაიღუპა.
სასამართლოს არსებითი განხილვა 9 თებერვალს გაგრძელდება და ორი მოწმე გამოიკითხება.