"ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება ქობულეთში 4 წლის წინ მომხდარ ინციდენტს. EMC ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ითხოვს დადასტურებას, რომ 2014 წელს მუსლიმი თემის უფლებები შეილახა.
საუბარია მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლებსა და სხვა ქმედებებზე - ქობულეთში დაპირისპირებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სასწავლებლის შესასვლელში ღორის თავი დაკიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
„სახელმწიფო არ ჩაერია არანაირად, რომ უზრუნველეყო მუსლიმი თემის მიერ უფლებების განხორციელება, პანსიონატის გახსნა, ბავშვების სკოლაში შესვლა. იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება არაეფექტური აღმოჩნდა და შიდა სამართლებრივ დონეზე ვერ მოხდა ამ პრობლემის გადაჭრა, ჩვენ ევროპულ სასამართლოს მივმართავთ, რომელიც იმსჯელებს, დაირღვა თუ არა რელიგიის, განათლების, საკუთრების უფლება და ასევე დაირღვა თუ არა ამ ყველა უფლებით სარგებლობისას, მუსლიმი თემის თანასწორობა,“ - აცხადებს მარიამ ბეგანიძე.