ისნის რაიონში, გამრიცხველიანების შედეგად, წყალზე გაზრდილი გადასახადების გამო, დღეიდან მოკვლევას იწყებს ენერგოომბუდსმენი. ისნის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებელს წყლის ასობით ლარის დავალიანება დაერიცხა, რის გამოც ისინი ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
ენერგოომბუდსმენი პირველ რიგში მომხდარის სამართლებრივი მიზეზების გარკვევას ითხოვს.
სალომე ვარდიაშვილი ვარაუდობს, რომ კომპანიამ შეცდომა დაუშვა და "GWP"-ის არსებული პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს.
„უნდა გავარკვიოთ, რის საფუძველზე განხორციელდა ასეთი თანხის დარიცხვა, რა სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა კომპანიას ამისთვის და თუ დადგინდა, რომ დარიცხვა უსაფუძვლოდ მოხდა და შეუსაბამოდ, რა თქმა უნდა, ეს თანხები დაკორექტირდება. მგონია, რომ მოქალაქეები მართლები არიან და ვფიქრობ, რომ რაღაც კონკრეტულ შეცდომებს კომპანიის მხრიდან ექნება ადგილი,“ - აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.