18 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
უფრო მეტ გაჭირვებაში ჩავარდება ხალხი - მძღოლები ტაქსების აღრიცხვის და ლიცენზირების ინიციატივას აფასებენ 

თბილისის საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის წევრები ტაქსის მძღოლებს ხვდებიან. მძღოლები კახა კალაძის ინიციატივას აფასებენ, რომელიც ტაქსების აღრიცხვას და ლიცენზირებას ეხება. შეხვედრას 20-მდე ტაქსის მძღოლი ესწრება. ისინი საკრებულოს ოპოზიციას ინიციატივისადმი საკუთარ დამოკიდებულებას და დღეს არსებულ პრობლემებს გააცნობენ.

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ თბილისის მერიის ინიციატივა მათთვის ცალსახად მიუღებელია, რადგან ის დაამძიმებს მათ ისედაც მძიმე პირობებს.

ისინი მოითხოვენ რეფორმის ფარგლებში, ხელისუფლებამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაითვალისწინოს. მათი თქმით, კერძო ტაქსების აღრიცხვა და შემდეგ მათი ლიცენზირება, უმუშევრობას გამოიწვევს.

„რეგულაციები რომ უნდა იყოს გასაგებია, კარგია რომ იყოს, მაგრამ ეს მძღოლს დააწვება ძალიან მძიმედ. მძღოლები ისეთ დღეში არიან, რომ შეიძლება მთელი დღე იმუშაოს და ლარიც ვერ წაიღოს სახლში. ეს უნდა გაითვალისწინონ, დღევანდელი პირობები, რა პირობებში უწევთ ტაქსზე მუშაობა. 50 ლარი უნდა გადადო მანქანისთვის, რომ შეინახო და 50 ლარს რომ გადადებ, საარსებო ფულიც ხომ გინდა, ამდენი ფული კიდე ტაქსით არ ამოდის. რომ შეამოწმო ეს მანქანები, შეიძლება 90%-მა არც ივარგოს. უფრო მეტ გაჭირვებაში ჩავარდება ეს ხალხი,“ - განაცხადა გიორგი გიორგაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივას არასწორ ნაბიჯად აფასებენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც.

„ტაქსების რეგულირება არის აბსოლუტურად არასწორი, მოძველებული ნაბიჯი. ტაქსების რეგულირება მსოფლიოში თითქმის აღარსად არის, ტენდენცია არის იქით, რომ ეს აღარ მოხდეს. განსაკუთრებით საქართველოში, ეს არის ბრძოლა გაჭირვებულებთან და არა გაჭირვებასთან. მათი რეგულაცია, მათთვის საქმიანობის გართულება და გადასახადების დაკისრება, თბილისში არც ტაქსების მომსახურებას, არც ამ ადამიანების მდგომარეობას არ გააუმჯობესებს. არის პოპულისტური განცხადება, ვისზე გათვლილი ესეც გაუგებარია,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

დღის ამბები