საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით ღია დებატებს ითხოვს. ოპოზიცია გეგმაზე მომუშავე სპეციალისტებს ორშაბათს ფრაქციის სხდომაზე ელოდება.
ოპოზიციის წარმომადგენლები ყველას, ვინც ამ თემაზე მუშაობს, შეხვედრაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. პარტიაში აცხადებენ, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
„გენგეგმას მერიის ფორმატში განიხილავს დაინტერესებული მხარე ან მერიის ჩინოვნიკები, ეს პირდაპირ ქმნის ვითარებას, რომ გეგმა არ იქნება ობიექტურად განხილული. ამისთვის კონტრღონისძიებას ვგეგმავთ, რომ მერიის და მთლიანად დაინტერესებული საზოგადოების სპექტრის მონაწილეობით, დაიწყოს ხელმეორედ სიღრმისეული განხილვა თბილისის გენგეგმის,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ გენგეგმაზე უკვე მუშაობს ჯგუფი და შეთანხმების მიხედვით, თვენახევარში საბოლოო პროდუქტი უნდა წარადგინონ.
გიორგი ტყემალაძე ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოების ჩართულობის პრობლემა არ არსებობს.