„ჩემი მოთხოვნა იქნება პირველ რიგში, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა და რაც სუს-ის კონტროლის ქვეშ არის, ხელმისაწვდომი არ არის ადვოკატებისთვის და საზოგადოებისთვის გამოიტანონ და გამოაშკარაონ,“ - ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მთავარ პროკურორთან შეხვედრამდე გააკეთა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ერთად მთავარ პროკურორთან შესახვედრად პანკისიდან ჩამოვიდა. მისი თქმით, უნდა დაისაჯოს ამ სპეცოპერაციის დამგეგმავი, ასევე, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა.
„ვინც ურევია სიტყვითაც და ხელითაც არის ჩარეული თემირლანის საქმეში, ეს ყველა უნდა დაისაჯოს კანონითაც და ჩვენი კანონითაც. ჩვენს კანონს ვგულისხმობ იმას, რომ თუ ვინმე არის იქიდან, ვინც ინფორმაციებს იძლეოდნენ და რაღაც არასწორს აკეთებენ, ჩვენი წესით, ჩვენი სასამართლოთი, კი არ ვიძახი დახვრეტით და სროლით,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმს მისამართი შეეშალა და მისი შვილი სხვის ნაცვლად მოკლეს.
„ამათ ყველაფერი ეშლებათ, დღეს სახელმწიფოს ყველაფერი ეშლება,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესია. ასევე, ის აცხადებს, რომ საჭიროა, საქმის მასალებზე წვდომა, მათ შორის, გასაიდუმლოებულ ნაწილზე.