ვინ გამოკვებავს 16 თებერვლიდან თბილისის ბაგა-ბაღების 61 ათასზე მეტ აღსაზრდელს, გადაწყვეტილებას ბაღების სააგენტო რამდენიმე დღეში მიიღებს, თუმცა თბილისის მერიას არჩევანი, პრაქტიკულად, არ აქვს. ტენდერი დასრულებულია და საბავშვო ბაღების კვების პროდუქტებით მომარაგების სურვილი, მხოლოდ ერთმა კომპანიამ, „ნილმა“ გამოთქვა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახალი ტენდერის პირობები მერიამ „ნილს“ მოარგო, რადგან ის მმართველი პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია.
ახალი ტენდერის პირობებით გამარჯვების შემთხვევაში შპს „ნილს“ ერთი აღსაზრდელის გამოკვება დღეში 3.24 ლარი დაუჯდება, შარშან მერია ერთი ბავშვების კვებისთვის უფრო მეტს 3.65 ლარს ხარჯავდა. სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ ფასად ბავშვების ხარისხიანი საკვებით უზრუნველყოფა გამორიცხულია.
სწორედ მერიის მიერ გამოყოფილი მცირე დაფინანსების გამო კომპანია „ელფმა,“ რომელიც ბაგა-ბაღებს საკვებით აქამდე უზრუნველყოფდა, ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაადასტურა, რომ „ნილი“ მმართველი პარტიის შემომწირველია, თუმცა უარყო, რომ მას სპეციალურად მოარგეს პირობები.
შპს „ნილის“ დირექტორი მერიასთან გარიგებაში შესვლას უარყოფს, თუმცა კახა გიორგაძე არ უარყოფს, რომ მმართველი პარტიის შემომწირველია და არც იმას, რომ უფასო სასადილოების საკვებით უზრუნველყოფისას არაერთხელ დაჯარიმდა.