კიდევ ერთი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში - მუსლიმი თემი საქართველოს წინააღმდეგ. ქობულეთში მუსლიმურ სასწავლებელზე ღორის თავის დაკიდების შემდეგ საქმე ევროსასამართლომდე მივიდა.
საქართველოში სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებით რელიგიური დისკრიმინაციის მოტივია დადგენილი, მაგრამ მუსლიმები და უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი“ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის გამო ჩივიან.
ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონი, რომელიც 3 წლის წინ აშენდა, ჯერ კიდევ დაკეტილია. 2014 წელს მუსლიმ თემსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაწყებული დაპირისპირებაც დღემდე გრძელდება.
ლერმონტოვის ქუჩის მართლმადიდებელი მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს სამ თვეზე მეტ ხანს მართავდნენ. ერთ-ერთი პერფორმანსის დროს მუსლიმთა რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი სიმბოლო, ღორი დაკლეს და პანსიონის კარზე დაკიდეს. ამ დანაშაულისთვის პოლიციამ 3 პირი დააკავა, სასამართლომ კი ისინი 100 ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა.
ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლები პანსიონის გახსნასა და მუსლიმური რელიგიის სწავლებას დღემდე დაუშვებლად მიიჩნევენ.
მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი კანონით გათვალისწინებული უფლებები დღემდე ირღვევა და ეზღუდებათ რელიგიის თავისუფლება.
ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, სოფო ჭულუხაძე.