18 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
მთელ მოსახლეობას "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" ბოიკოტი აქვს გამოცხადებული - მწერლები მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების განსახილველად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას მწერლებიც ესწრებოდნენ. მათი აზრით, მოსახლეობას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოიკოტს უცხადებენ, რისი დადასტურებაა არხის დაბალი რეიტინგი.

„ჩვენ არ ვიცით, რამდენს ვიხდით საზოგადოებრივ მაუწყებელში. ყველა ვამბობთ, რომ ჩვენია, სინამდვილეში არ ვიცით, რამდენს ვიხდით ფულს. არ ვიცით, რა კორუფცია და უბედურება ტრიალებს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ბოიკოტი არ არის, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს 3%-იანი რეიტინგი აქვს? მთელ მოსახლეობას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. პლუს ეს ადამიანები მორალური დანაშაულებების ჩადენას აგრძელებენ და ამ დანაშაულის თანამონაწილეა ხელისუფლება, რომელთაც ეს ხალხი იქ დანიშნეს,“ - განაცხადა მწერალმა, ლაშა ბუღაძემ.

პოეტები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ხელისუფლების ინტერესებზე საუბრობენ.

„ჩვენ ვართ მოწმე, როგორ გადაყლაპა ხელისუფლების ინტერესმა ეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰქვია,“ - განაცხადა პოეტმა, რატი ამაღლობელმა.

მწერლები ზვიად რატიანთან დაკავშირებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ.

„რატიანის საქმიდან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა ისევ გულისხმობს და ისევ მოთხოვნად აყენებს ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას, რადგან ყველას ახსოვს ის ეპიზოდი, როცა მან პასუხისმგებლობა განაცხადა ამ თემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მწერალმა, ნენე კვინიკაძემ.

მწერალ თეონა დოლენჯაშვილის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები