18 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ქვემო ქართლში 27 წლის მამაკაცი თანასოფლელებმა სცემეს, აწამეს, გააშიშვლეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი თბილისიდან 50 კილომეტრში, ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში აწამეს, სასტიკად სცემეს, შემდეგ გააშიშვლეს და სოფლის ცენტრში 150-ზე მეტი ადგილობრივის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უამრავი მოწმის თანდასწრებით სოფელ ნაზარლოში ერთ-ერთ მოძალადეს ხელში ჰქონდა ხელკეტი და ფიზულ ნაბიევს გაუპატიურებთ ემუქრებოდა. არსებობს ჩვენები, ექსპერტიზის დასკვნები და ფოტოები, თუმცა დაკავებული არავინ არის.

ფიზულ ნაბიევი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში რათხან იბრაგიმოვს ადანაშაულებს.

ნაბიევის ნათესავები ამბობენ, რომ რათხან იბრაგიმოვისა და მისი სამი მეგობრის სოფელში ყველას ეშინია და მათ წინააღმდეგ წასვლა ვერავინ გაბედა.  

იბრაგიმოვი ამტკიცებდა, რომ ნაბიევმა მისი ერთ-ერთი მეგობრის ცოლზე ჭორები გაავრცელა. ნაბიევი გვიყვება, რომ ამ ბრალდებით ორი თვის წინ იბრაგიმოვმა სამ პირთან ერთად ის ჩაიხანის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტა და სასტიკად გაუსწორდა. ნაბიევის თქმით, გაშიშვლებული და შარვალგახდილი მოძალადეებმა კიბეებით ეზოში ჩაიყვანეს და სოფლის ცენტრში გაიყვანეს.

სოფელ ნაზარლოში ძალადობის მეორე სერია კურიერის კამერის გამოჩენის შემდეგ დაიწყო. დანაშულში ეჭვმიტანილები ქვებით და ხელკეტებით გადამღებ ჯგუფს ემუქრებოდნენ, შემდეგ კი დაზარალებულის ნათესავებს, რომლებიც დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ, თავს დაესხნენ. პოლიცია ადგილზე დღეს დაგვიანებით მივიდა. 

საქმე პოლიციაში სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.  დღევანდელ ინციდენტზეც სამართალდამცველებმა გამოძიება ამავე მუხლით დაიწყეს. 

დღის ამბები