ბათუმში მშენებლობაზე დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციას არ აძლევენ, არადა ორი ახალგაზრდის სიცოცხლე სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას შეეწირა.
მშენებლობაზე გარდაცვლილი რამაზ თურმანიძის ოჯახის ვერსიით, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ის მერვე სართულიდან ჩამოვარდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ტრაგედიიდან 6 თვის შემდეგ ოჯახი სამშენებლო კომპანია მეტრო ბეტონისგან კომპენსაციას ელოდება. ფირმის წარმომადგენლები მათთან 2 თვის წინ იყვნენ, ანაზღაურებასაც დაhპირდნენ, თუმცა, ამ დრომდე სოფელ ახალშენში არავინ გამოჩენილა.
იმავე მშენებლობაზე 2017 წლის 8 სექტემბერს რამაზ თურმანიძის ბიძაშვილი - მამუკა თურმანიძეც, გარდაიცვალა. ერთადერთი მარჩენალის დაკარგვის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახიც სამშენებლო კომპანიისგან კომპენსაციას ელოდება.
გარდაცვლილი 25 წლის ბიჭის მამა ამბობს, რომ მის ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, რაც მათ ტრაგედიას კიდევ უფრო ამძიმებს. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია თანხის ანაზღაურებაზე უარს იტყვის, მაშინ ისინი სასამართლოს მიმართავენ.
თავად სამშენებლო კომპანია მეტრო ბეტონი კომპენსაციის გადახდას სადაზღვევო კომპანია უნისონს აკისრებს. უნისონის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ ვალდებულება არ აქვთ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე