18 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
2 არასრულწლოვანის მკვლელობის ახალი დეტალები - დაცვის მხარე გავლენიან მფარველებსა და განადგურებულ მტკიცებულებებზე საუბრობს

2 არასრულწლოვანის მკვლელობის ახალი დეტალები - დაცვის მხარე გავლენიან მფარველებსა და პროკურატურის მხედველობის მიღმა დარჩენილ მტკიცებულებებზე საუბრობს.  

2 არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი საქმის მთავარ მტკიცებულებას ელოდება. ადვოკატის თქმით, კომისიური ექსპერტიზის დასკვნამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის, უნდა გაირკვეს მთავარი, ვისი დანით მიიღეს სასიკვდილო ჭრილობები არასრულწლოვნებმა.

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ამ დასკვნამ მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა გაარკვიოს. ბრალდებულის დაცვას მიაჩნია, რომ გამოძიებას სწორად გააზრებული არც მოწმეთა ჩვენებები აქვს. ადვოკატის ინფორმაციით, დადგენილი არ არის კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი.

ადვოკატი ინგა შარაშენიძე არ უარყოფს, რომ საქმეზე გავლენის მქონე პირი შესაძლოა, მირზა სუბელიანი იყოს, მინისტრ სოზარ სუბარის ნათესავი და მთავარი პროკურატურის თანამშრომელი, რომელმაც პოსტი სწორედ ამ საქმის გამო დატოვა.

კურიერისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მოზარდი, რომლის დაჩაგვრის გამოც 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მირზა სუბელიანის შვილია. სავარაუდოდ, მისი ნათესავია კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირი, ვინც დეიდაშვილის დასახმარებლად პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები შეკრიბა და ხორავას ქუჩაზე მიიყვანა. ეს არასრულწლოვნები საქმეში მოწმის სტატუსით არიან.

კურიერის ინფორმაციით, ისინი საქმის სხვა მონაწილეებთან ერთად არ დადიან პროკურორთან შეხვედრებზე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პრობლემების თავიდან არიდების მიზნით მირზა სუბელიანის 17 წლის ნათესავი ამ დროისთვის ქვეყნიდან გაიყვანეს.

16 წლის ბრალდებულის დაცვის მხარე ამბობს, რომ გამოძიებას ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი უყურადღებოდ აქვს დატოვებული. მაგალითად, წითელი ფერის მანქანა, რომელიც ხორავას ქუჩის კამერებს შემთხვევის ადგილზე აქვს დაფიქსირებული.

ადვოკატი ამბობს, რომ მძღოლი მოზარდების ჩხუბს, სავარაუდოდ, თავიდან ბოლომდე უყურებდა, ტერიტორია კი კონფლიქტის დასრულების შემდეგ დატოვა. თუმცა, პროკურატურას ამ ავტომობილისთვის შესაბამისი ყურადღება არ მიუქცევია.

ადვოკატი ამ და სხვა გარემოებებზე საუბარს უკვე სასამართლოში გეგმავს. ინგა შარაშენიძე ამბობს, რომ სამთვიან დუმილს თავად ბრალდებულიც მოსამართლესთან დაარღვევს და მომხდარზე სრულ სიმართლეს მოყვება, სახელებით და გვარებით.

დღის ამბები