გუდიაშვილის ბაღის მიმდებარედ, აბაშიძის 21 ნომერში მდებარე ავარიულ სახლში 12 ოჯახი ცხოვრობს. მობინადრეებს, უსაფრთხოების მიზნით, ბავშვები ნათესავებთან ჰყავთ გახიზნული. ადგილობრივების თქმით, ისინი წლებია, დახმარებისთვის უშედეგოდ მიმართავენ სხვადასხვა უწყებას.
„ცოცხლად ვიმარხებით, შეუძლებელია აქ ცხოვრება,“ - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი, დონარა კაზარია.
კიდევ ერთი მაცხოვრებელი, ნანა ბახტაძე, კი ამბობს, რომ „არაფერი ისეთი არ არისო და, თუ რამე უბედურება მოხდება, დაკრძალვის თანხას მერია გადაიხდისო. დავიბენი, რა თანხას მეთქი და 500 ლარსო“.
აბაშიძის ქუჩაზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა მელია, მივიდა. ავარიული სახლის მცხოვრებლები მას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ესაუბრნენ და დახმარება სთხოვეს.
„ძალიან სამწუხაროა, იცოდე, რომ დედაქალაქის მერიამ ავარიული სახლებისთვის გამოყოფილი თანხა ვერ აითვისა,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.