კიევის ცენტრამდე მისასვლელი გზები, სადაც ამ წუთებში „იმპიჩმენტის მარში“ მიმდინარეობს, გადაკეტილია. როგორც ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, ქალაქში იმდენი ბარიერია შექმნილი, რომ აქციაზე თავადაც კი დააგვიანდა.
აქცია ტარას შევჩენკოს მოედანზე დაიწყო და მაიდანზე "სახალხო შეკრებით" გაგრძელდება, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გადაკეტეს, მე თვითონ დამაგვიანდა ნახევარი საათი, იმდენი ბარიერის გავლა მომიხდა. მოედანზე ბევრი ვიქნებით, აღარ გავჩერდებით. ბოლომდე წავალთ გამარჯვებამდე,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„იმპიჩმენტის მარშის“ მონაწილეების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავები მათ საშუალებას არ აძლევდნენ, მაიდანზე სცენა დაემონტაჟებინათ, ამიტომ სამუშაოები დღეს დაიწყო და სავარაუდოა, რომ მსვლელობის დასრულებამდე სცენა უკვე დამონტაჟებული იყოს.