მიხეილ სააკაშვილმა კიევის ადმინისტრაციულ-სააპელაციო სასამართლოს დარბაზი სხდომის დასრულებამდე დატოვა. მან მოსამართლეთა კოლეგიას უნდობლობა გამოუცხადა და სასამართლოს შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებთან გავიდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 18 თებერვალს უკრაინის ყველა დიდ ქალაქში მასშტაბურ გამოსვლებს აანონსებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მოკლევადიანი პრობლემები შეუქმნას უკრაინის ხელისუფლებამ, თუმცა მოძრაობას, რომელსაც ის სათავეში უდგას, ვერ შეაჩერებს.
“რა თქმა უნდა, ეს არ არის სასამართლო. გვაქვს აქ მხარდაჭერა. ძალიან დიდი მოძრაობა აგორდა. გუშინ არავინ არ მოვაო და ყველაფერი ჩაკეტეს გზები, გადასასვლელები, რეები არ დააყენეს და ნახეთ რამდენი ხალხი მოვიდა. ასე რომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა მოკლე ვადიანად ასე შემიქმნიან პრობლემებს. ყველაფერი შეიძლება გააკეთონ, შეიძლება ქვეყნიდანაც გამაგდონ, შეიძლება დამიჭირონ კიდევაც, მაგრამ ამ მოძრაობას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. საქართველოში დამთავრდება ყველაფერი ძალიან სწრაფად თუ იქ გამიშვეს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ითხოვდნენ ორი საქმის ერთ საქმეში გაერთიანებას. კერძოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელის საქმის, რომელსაც დღეს განიხილავდა სასამართლო და ასევე მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი დაცვის შესახებ მინიჭების საქმის ერთ საქმედ გაერთიანებას, რაზეც სასამართლომ უარი განაცხადა.
ავტორი: ზურა ხვისტანი