18 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
თბილისის გენგეგმის განხილვა - საკრებულოს ოპოზიცია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს ხვდება

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ამ წუთებში „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. გენგეგმაზე სწორედ ამ კომპანიის ექსპერტები მუშაობდნენ. 

როგორც ცნობილია, ეს არ არის თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გეგმის საბოლოო ვერსია. დოკუმენტის საბოლოო ვერსია თებერვლის ბოლოს იქნება წარმოდგენილი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დოკუმენტთან დაკავშირებით არა ერთი შენიშვნა აქვთ.

საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, მთავარი პრეტენზია მერიის მიერ ორგანიზებული განხილვის ფორმატს უკავშირდება. მისი განცხადებით, თბილისის გენგეგმა ღია და საჯარო განხილვებს საჭიროებს.

„თუ ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ თბილისის გენგეგმის შესახებ სრული ინფორმაცია, აუცილებლად უნდა მოვაწყოთ ღია, საჯარო განხილვები და ამის პირველი მსმენელები და მონაწილეები უნდა იყვნენ მერიის თანამშრომლები და წამყვანი ფიგურები. როდესაც ისინი უგულებელყოფენ ამგვარი განხილვის ფორმატს, ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ დაინახავენ, რა ეტაპზეა გენგეგმა, პლუსებს, მინუსებს და რა უნდა იღონონ იმისათვის, რომ ქალაქი არ იყოს გენგეგმის გარეშე,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ თბილისის გენგეგმა მნიშვნელოვან განხილვას საჭიროებს. გაბაშვილი ნებისმიერ შეთავაზებულ ფორმატში მისი განხილვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„გენგეგმა იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომ მას სჭირდება არა ერთი ფორმალური განხილვა, არამედ მთელი პროცესი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად მერიის შემოთავაზებულ ფორმატშიც განვიხილოთ გენგეგმა და, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიების, ფრაქციების, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმატში. უცნაურია, მერია რატომ არ არის მზად, არსად არ მოვიდეს მერიის გენგეგმის განხილვაზე, გარდა საკუთარი მოფიქრებული ფორმატისა,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ თბილისის მერიის წარმომადგენლებიც, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ მათ დღევანდელ სხდომაში მონაწილეობის მიღება საჭიროდ არ ჩათვალეს.

"დღეს აქ რაც ხდება, ეს, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" და ამ ფრაქციის სრული უფლებაა, თუმცა ისინი გასულები არიან, როგორც ყოველთვის სამუშაო რეჟიმიდან და დამოუკიდებლად ცდილობენ გარკვეული შოუების თუ მათი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ.

განაცხადება გააკეთა ”სითი ინსტიტუტი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, მამუკა სალუქვაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საბოლოო დოკუმენტში ყველა ის შენიშვნა იქნება ასახული, რომელიც გამოითქმება.

დღის ამბები