18 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება იქნება სამარცხვინო ნაბიჯი ქართული მართლმსაჯულების, - ჩაბუქის ადვოკატი

მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესახებ ხვალ, საქალაქო სასამართლოში პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც იმსჯელებენ, გადასცემს თუ არა საქართველო დემირელის სკოლების მენეჯერს თურქეთის რესპუბლიკას. 

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ მათ მყარი მტკიცებულებები გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადაცია დაუშვებელია.

„ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რათა დავასაბუთოთ ის, რომ ბატონი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია არის სრულიად დაუშვებელი და ეს სახელს გაუტეხს ჩვენ ქვეყანას და მის ღირსებას. სამწუხაროდ, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები, კერძოდ პროცედურა, რომელიც შეეხებოდა ბატონი ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას, გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მისი სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება, ძალზედ დიდ ანგარიშს უწევს თურქეთის ხელისუფლების უკანონო მოთხოვნას და ფაქტობრივად მზად არის, რომ უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც მოელის წამება, გადასცეს თურქეთის მხარეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება იქნება ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტის უკიდურესი შელახვა და სამარცხვინო ნაბიჯი ქართული მართლმსაჯულების," - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე არ დაუშვებს მისი მეუღლის თურქეთში ექსტრადირებას, თუმცა ამის თავიდან აცილების მიზნით, მზად არის ევროსასამართლოსაც მიმართოს.

„პირველივე დღიდან გვაქვს იმედი, რომ ჩემს მეუღლეს არ გადასცემენ თურქეთს. მჯერა, რომ არ მოხდება ექსტრადირება და ამისთვის ჩვენ ყველა ინსტანციას მივმართავთ. თუ საჭირო გახდა, მზად ვართ ევროსასამართლოსაც მივმართოთ, თუმცა მაინც მჯერა, რომ ქართული მხარე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ჩვენ ევროპის მხარდაჭერაც გვაქვს. იმედი მაქვს საქართველო ევროპარლამენტარების და ევროკავშირის მოთხოვნებს გაითვალისწინებს,“ - აცხადებს თუბა ჩაბუქი.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქი სამართალდამცავების მიერ მუსტაფა ემრე ჩაბუქი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით არის ძებნილი.

 

 

 

დღის ამბები