დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის ჩაბუქის ექსტრადირების თემაზე ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება ბუნდოვანია და არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ის სამართლიანი სასამართლოს ხელში არ მოხვდება.
„მიგვაჩნია, რომ ექსტრადირება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ პრინციპებს. შესაძლებელია, ადგილი ქონდეს პირის დევნას პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან, წარდგენილი ბრალდება არის ბუნდოვანი და არა განმჭვრეტადი. მაღალია რისკი და ალბათობა, იმისა, რომ პირი არ დაექვემდებაროს სამართლიანი სასამართლოს განხილვას. თურქეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატებთან კონფიდენციალური წვდომის უფლება, ასევე ვერ სარგებლობენ მთელი რიგი პროცედურული გარანტიებით. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, თუმცა ასევე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიპლომატიური გარანტიებიც არ პასუხობენ იმ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რაც დადგენილია ექსტრადიციის შემთხვევაში,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.