ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, გადაიდო. გადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოითხოვა, რასაც უმრავლესობაშიც კი უკმაყოფილება მოჰყვა. მიზეზდა კი უწყებებს შორის რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხი დასახელდა.
კანონპროექტი მთავრობის მიერაა შემუშავებული, მისი ინიცირება ჯერ კიდევ 8 თვის წინ მოხდა, თუმცა კანონად დღემდე ვერ იქცა.
„ჩვენი მიზანი არ არის ბიზნესის შევიწროება, ჩვენი მიზანია ადამიანის უფლებების და მათ შორის შრომითი უსაფრთხოების დაცვა,“ - აღნიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ნაკლებად გვაქვს ამაზე საუბრის უფლებაც. ვფიქრობ, რომ დანარჩენ საკითხებზე, რომელიც უფრო ტექნიკური ხასიათის არის და შეიძლება გვქონდეს რაღაც გარკვეული საუბრები, ეს დღევანდელ შეხვედრაზეც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გადადოს,“ - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა არის დღეს არსებული ნორმების ასრულებაში და არა კანონის დახვეწაში.
„გახშირებული შემთხვევების მიუხედავად, არც ერთხელ დღევანდელ მთავრობას არ წარმოუდგენია სრულფასოვანი ანგარიში, კონკრეტულად ვისი ბრალეულობა იყო ცალკეულ შემთხვევებში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია პერფორმანსი გამართეს პროფკავშირების წარმომადგენლებმა, რომლებსაც სხვა არასამთავრობოების მსგავსად, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ.
„კანონპროექტი ძალიან ლიმიტირებულია და ის არ ვრცელდება ყველა დასაქმების ადგილზე, რაც ვფიქრობთ, რომ პრობლემაა. მეორე მთავარი საკითხი არის ის, რომ ინსპექტირების მექანიზმს არ აქვს უპირობო დაშვება დასაქმების ადგილებზე და მას სჭირდება სასამართლოს ნებართვა უმეტეს შემთხვევებში, რაც ასევე პრობლემურია და ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ის რომ სანქციების ოდენობა არის უკიდურესად დაბალი,“ - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.