18 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
სკოლებზე კონტროლის გამკაცრება - კანონპროექტს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ

სკოლებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ ახალ კანონპროექტს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. სადაც თვლიან, რომ სამინისტრო ძველ მდგომარეობას უბრუნდება და რომ 2013 წლამდე მანდატურის სამსახური ყველა იმ უფლებით იყო აღჭურვილი, რის შესახებაც საკანონმდებლო ცვლილებებშია საუბარი.

ოპოზიციის შეფასებით, თავის დროზე სწორედ ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო, მანდატურებს უფლებები შეუმცირდა, ისევე როგორც კონტროლი სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე.

„განაცხადეს, რომ მანდატურების ლეგიტიმაცია და ასევე დამოუკიდებლობა არის გაზრდილი და თითქოს ეს შეცვლის ვითარებას სკოლაში. უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ფაქტობრივად ქართული ოცნების მიერ, 2013 წლამდე არსებული, გაუქმებული კანონის უკან დაბრუნება და მეტიც, აქ არის დამატებული პოლიციის დისკრეციის გაფართოება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ლაგვილავა აცხადებს, რომ სახელმწიფო იძულებული გახდა, 6 წლის წინ შეჩერებული წარმატებული პროექტი ისევ აემუშავებინა.

შეგახსენებთ, რომ მოზარდებს შორის გახშირებული სისხლიანი გარჩევების ფონზე, სკოლებზე კონტროლი გამკაცრდება, კერძოდ სკოლები აღიჭურვება სათვალთვალო კამერებით, მანდატურების უფლებამოსილებები კი გაიზრდება - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე მომავალ კვირას დარეგისტრირდება.

დღის ამბები