18 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
"გადამწყვეტი ბრძოლა ადეიშვილის ნარჩენებისგან" - ანა დოლიძე

მოსამართლეების უვადოდ განმწესების მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. დღეს იუსტიციის საბჭოს წევრთა კითხვებს 17 მათგანი უპასუხებს. მათ შორის არიან რეზონანსული საქმეების მოსამართლეები. მოსამართლის პოზიციაზე უვადოდ დანიშვნა სურს „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს ნათია გუჯაბიძესაც.

სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის საქმე იქნება ერთ-ერთი, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მას კითხვებს დაუსმევენ.

„ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ადეიშვილის ნარჩენებისგან, მე მათ კლანსაც ვერ ვუწოდებ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება სასამართლო ხელისუფლებაში და შეინარჩუნონ სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი. გასაუბრების და ამ ეტაპის მთლიანი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ თვითონ, რომ ისინი არავის წინაშე დავალებულნი არ არიან და შესაბამისად, ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სინდისის წინაშე,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ.

გარდა ნათია გუჯაბიძისა, დღეს გასაუბრებას გაივლიან სხვა რეზონანსული საქმის მოსამართლეებიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ შეფასებისას ისინი უკომპრომისოები იქნებიან.

„ვიქნები უკომპრომისო, თუ ადამიანს აქვს ისეთი წარსული, რომელიც აჩენს კითხვებს, ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საბჭოს თითოეული წევრისთვის, ვინაიდან, კომპეტენცია ეს არის საკითხი, რომელიც არის გაუმჯობესებადი და შესაძლებელია, რომ სხვადასხვა მეთოდი დაიხვეწოს და მოსამართლე უფრო კომპეტენტური გახდეს. მაგრამ მთავარია, რომ ჩვენს ქვეყანას ყავდეს კეთილსინდისიერი მოსამართლეები. მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, მე მაქვს გარკვეული შთაბეჭდილებები მათ შესახებ, ჩვენ უკვე გვაქვს მათ შესახებ ინფორმაცია, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეს არის საკმაოდ დიდი რესურსი და ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკმაოდ სრულყოფილად მათ შესახებ,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები